არქივები

  • ტომ. 10 (2024)

    თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პერიოდული გამოცემის, საეკლესიო-სამეცნიერო კრებულ „გრაგნილის“, წინამდებარე X ტომში შევიდა დოქტორანტებისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა სტატიები. ეს ტექსტები სამაგისტრო ნაშრომების შემოკლებულ-გადამუშავებული ვერსიები და სადოქტორო ნაშრომების ნაწილებია. მასალა სასულიერო მწერლობის რამდენიმე დარგის ფარგლებში (ეგზეგეტიკა, დოგმატიკა, ეკლესიის ისტორია, ასკეტიკა, ლიტურგიკა, საეკლესიო სამართალი, ჰიმნოგრაფია) მოიცავს როგორც თეორიულ კვლევებს, ასევე, დიდი ბიზანტიელი საეკლესიო მამების (ევაგრე პონტოელის, თეოდორე აბუკურას) თხზულებების აქამდე გამოუცემელ უძველეს ქართულ თარგმანებს, შესრულებულს სხვადასხვა მთარგმნელობითი სკოლის წარმომადგენელთა მიერ (წმ. ეფრემ მცირე, წმ. არსენ იყალთოელი). წარმოდგენილ სტატიათა მეშვეობით მკითხველთა ფართო საზოგადოება გაეცნობა მნიშვნელოვან სიახლეებს. ამა თუ იმ საკითხზე არსებული სამეცნიერო მიღწევების სრულად გამოყენება-გათვალისწინება კიდევ უფრო ღირებულს ხდის კრებულში შესულ ნაშრომებს.

  • ტომ. 3 (2015)

    წინამდებარე კრებულით გრძელდება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო-სამეცნიერო შრომების – „გრაგნილის“ პერიოდული გამოცემა. კრებულში შესულია სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა წარმატებით შესრულებული სამაგისტრო ნაშრომები: წმ. ბასილი დიდის, წმ. იოანე ოქროპირისა და წმ. ანდრია კრიტელის თხზულებათა აქამდე გამოუცემელი ძველი ქართული თარგმანები თავიანთი მიმოხილვითი ხასიათის შესავლებითა და კრიტიკული აპარატითურთ, აგრეთვე, ორი თეორიული ხასიათის ნაშრომი: „წმ. ეპიფანე კვიპრელის დიდი შაბათის ქადაგების საღვთისმეტყველო ანალიზი“ და „მეექვსე მსოფლიო კრების დადგენილებათა ექვთიმესეული რედაქცია („მცირე სჯულისკანონი“) და მისი მიმართება „დიდი სჯულისკანონის ტექსტთან“. ორივე ეს ნაშრომი მნიშვნელოვანი სიახლეების შემცველია ძველი ქართული სასულიერო მწერლობის კვლევის თვალსაზრისით. რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ გამოცემულ ტექსტებს, ორი მათგანის მთარგმნელია დიდი ქართველი საეკლესიო მოძღვარი, ექვთიმე მთაწმიდელი, რაც უკვე მეტყველებს ამ ასკეტური ხასიათის თხზულებათა ქართული თარგმანების მნიშვნელობაზე; მესამე ტექსტის, წმ. იოანე ოქროპირის ჰომილიის – „სინანულისათჳს, ქალწულებისათჳს და მოთმინებისათჳს“ – მთარგმნელის ვინაობის დადგენისათვის კი მკვლევრებს დიდ დახმარებას გაუწევს ამ თარგმანის წინამდებარე გამოცემა.

  • ტომ. 2 (2014)

    საეკლესიო-სამეცნიერო კრებულ გრაგნილის II ტომში შესულია ნათლისღებასთან დაკავშირებული სამი მნიშვნელოვანი ძეგლი და ერთი ეგზეგეტური ხასიათის ნაშრომი. პირველ ნაწილში გამოქვეყნებულია წმ. სოფრონ იერუსალიმელის ნათლისღების ორი ჰომილია, რომელთაგან ერთის მხოლოდ ქართული თარგმანი არსებობს, რაც ერთი-ორად ზრდის ტექსტის მნიშვნელობას ზოგადბიზანტინოლოგიური კუთხით. მეორე ნაწილში წარმოდგენილია მცდელობა ნათლისღების წეს-განგების ქართული ტექსტის დადგენისა წმ. გიორგი მთაწმინდელის და კვიპრიანე სამთავნელისეული თარგმანების ერთმანეთისაგან განსხვავებული მონაკვეთების ბერძნულ ორიგინალთან შედარების მეშვეობით. ნაშრომს დართული აქვს წეს-განგების ტექსტი ორი მნიშვნელოვანი ნუსხისა - Sin 12 (X ს.) და Sin 66 (X ს.). კრებულის მესამე ნაწილში შემოკრებილია იონა წინასწარმეტყველის წიგნის როგორც ბიზანტიელი წმინდა მამების, ასევე, XIX-XX საუკუნეების მკვლევართა კომენტარები.

  • ტომ. 1 (2012)

    წინამდებარე კრებულით იწყება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო-სამეცნიერო შრომების პერიოდული გამოცემა. კონკრეტულ ტომში გამოქვეყნდა ძველი ქართული საეკლესიო მწერლობის სამი მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელთაგან ორი - "თავნი სომეხთა წვალებისანი ოცდაათნი" და "სახჱ აღთქუმისაჲ" - ხელმეორედ ქვეყნდება, ხოლო მესამე - კასიანე რომაელის "თხრობაჲ წესსა და განგებასა ეგჳპტისა და აღმოსავლეთისა მონასტერთა საკრებულოთასა - იბეჭდება პირველად.