წინამდებარე კრებულით გრძელდება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო-სამეცნიერო შრომების – „გრაგნილის“ პერიოდული გამოცემა. კრებულში შესულია სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა წარმატებით შესრულებული სამაგისტრო ნაშრომები: წმ. ბასილი დიდის, წმ. იოანე ოქროპირისა და წმ. ანდრია კრიტელის თხზულებათა აქამდე გამოუცემელი ძველი ქართული თარგმანები თავიანთი მიმოხილვითი ხასიათის შესავლებითა და კრიტიკული აპარატითურთ, აგრეთვე, ორი თეორიული ხასიათის ნაშრომი: „წმ. ეპიფანე კვიპრელის დიდი შაბათის ქადაგების საღვთისმეტყველო ანალიზი“ და „მეექვსე მსოფლიო კრების დადგენილებათა ექვთიმესეული რედაქცია („მცირე სჯულისკანონი“) და მისი მიმართება „დიდი სჯულისკანონის ტექსტთან“. ორივე ეს ნაშრომი მნიშვნელოვანი სიახლეების შემცველია ძველი ქართული სასულიერო მწერლობის კვლევის თვალსაზრისით. რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ გამოცემულ ტექსტებს, ორი მათგანის მთარგმნელია დიდი ქართველი საეკლესიო მოძღვარი, ექვთიმე მთაწმიდელი, რაც უკვე მეტყველებს ამ ასკეტური ხასიათის თხზულებათა ქართული თარგმანების მნიშვნელობაზე; მესამე ტექსტის, წმ. იოანე ოქროპირის ჰომილიის – „სინანულისათჳს, ქალწულებისათჳს და მოთმინებისათჳს“ – მთარგმნელის ვინაობის დადგენისათვის კი მკვლევრებს დიდ დახმარებას გაუწევს ამ თარგმანის წინამდებარე გამოცემა.
მიმდინარე გამოცემა | ტომ. 3 (2015) |
---|---|
გამოქვეყნებული | 2024-12-05 |
სრული გამოცემა |